ამის შესახებ ინფორმაციას leparisien-ი ავრცელებს.
გუშინ, ადგილობრივი დროით 23:30 წუთზე, პარიზიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კმ-ში მდებარე კომუნა ფორჟ-ლე-ბენთან ავტომობილი ხეს შეეჯახა. სასწრაფო დახმარებამ მძღოლი უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, სამედიცინო პერსონალს განუცხადა, რომ მან თავის ორი შვილი - 3 წლის გოგო და 19 თვის ბიჭი - დანით მოკლა, მათი გვამები მანქანის საბარგულში მოათავსა და შემდეგ თავის მოკვლის მიზნით ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მანქანის საბარგულში ორი გვამი ნახა. „ცხედრებს აღენიშნებოდათ ჭრილობების კვალი - ერთის გულმკერდზე, მეორეს კისერზე", - განუმარტა leparisien-ს საქმის დეტალების მცოდნე პირმა.
მოკლული ბავშვების დედა, სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი, პოლიციამ დილის 04:30 წუთზე ნახა თავის დის სახლში. ცოლ-ქმრის მეზობლების თქმით, ოჯახის წევრები ძალიან თავშეკავებულების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
34 წლის მამაკაცი, რომელიც ცოლს ღალატში შვიდი წლის განმავლობაში ადანაშაულებდა, პოლიციამ გამოსაფხიზლებელში გადაიყვანა და მას სრული გამოფხიზლების შემდეგ დაჰკითხავენ.