ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს, პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ-ში მდებარე ვალ-დ'უაზის დეპარტამენტის ქალაქ არჟანტეის ვიქტორ დიუპუის სახელობის ჰოსპიტალური ცენტრის გერიატრიული განყოფილების 93 და 95 წლის ასაკის ქალებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავეს.
ცენტრის დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ მამაკაცი ფსიქიკური დარღვევების მქონე 93 წლის პაციენტის გულის შეტევით გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე იყო შესული მის პალატაში და ამის შესახებ პოლიციას აცნობა.
პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, რომლის სექსუალური მოძალადეობის შესახებაც კიდევ ერთმა პაციენტმა, 95 წლის ქალმა განაცხადა. მისი თქმით, მამაკაცი მასთან პალატაში შევიდა, მკერდზე ხელი მოჰკიდა, იძალადა და შემდეგ გაიქცა.
93 წლის მსხვერპლის პალატაში, ზეწარზე, პოლიციამ სპერმის კვალი აღმოაჩინა. ქალი დაახლოებით 19:00 საათზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მისი პალატიდან 16:30 საათზე გავიდა. ამ დროისთვის არაა დადგენილი, უკავშირდება თუ არა გარდაცვალება თავდასხმას. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა.
დაკავებული მამაკაცი, 44 წლის სამირ ბ. პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის ფაქტებით არის ცნობილი.