საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საჭირო საარტილერიო ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ, საუბარია 155 მილიმეტრიან ჭურვებზე. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ავსტრალიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"საუბარია 155 მილიმეტრიან ჭურვებზე, რომელთა გაგზავნაც უკრაინაში შეგვეძლება",- განაცხადა სებასტიან ლეკორნომ.

ავსტრალია ნატოს არაწევრი ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელიც კიევს შეიარაღებით ღიად ეხმარება. გასული წლის ზაფხულში ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარზლომ განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომს ქვეყანა მნიშვნელოვანწილად ეროვნული უსაფრთხოების საკითხად აღიქვამს, აქედან გამომდინარე კიევის დახმარებას გააგრძელებს.