მოლდაველი ოლიგარქი და ქვეყნის ყოფილი არაფორმალური მმართველი, ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთში დააკავეს. 

ივლისში მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პრეზიდენტი მაია სანდუ აპირებს პახოტნიუკისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, ქვეყნიდან 2019 წლის ივნისში აშშ-ში გაიქცა, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა. როგორც მოლდოვის პროკურატურაში ამბობენ, როგორც კი ბრალი მომზადდება და ინგლისურად ითარგმნება, მოლდოვა მის ექტრადირებას მოითხოვს.

საქმე, რისთვისაც პლახოტნიუკს ბრალი ედება, ქვეყანაში "საუკუნის ძარცვად" არის ცნობილი, რომლის დროსაც მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მერვედის ოდენობის თანხა მოიპარეს.

სკანდალს მალევე მოჰყვა მასობრივი დემონსტრაციები. გარდა ამისა, მოლდოვას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დახმარება შეუწყვიტა, ქვეყნის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელიც.

2020 წლის იანვარში აშშ-მა ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა.