ამის შესახებ ინფორმაციას შვედური aftonbladet ავრცელებს.
პოპულარული შვედური გამოცემა aftonbladet წერს , რომ შვედეთისკენ რუსული თხევადი აირით დატვირთული გიგანტური გემი მიემართება და სტოკჰოლმიდან 60 კმ-ის სამხრეთით მდებარე ნავსადგურ ნიუნესჰამნში მის შესვლას მოელიან 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე.
რუსეთის ეკონომიკა ძლიერ დამოკიდებულია ნავთობისა და ბუნებრივი ექსპორტზე. ომის დაწყებისას შვედეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დებატების დიდი ნაწილი ეხებოდა ვაჭრობის შეჩერების მნიშვნელობას. მაისში რიკსდაგმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვედეთმა უნდა შეწყვიტოს რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ამის მიუხედავად ვაჭრობა გაგრძელდა.
კვლევით ცენტრ CREA-ს მიერ შვედეთის „გრინპისისთვის" მომზადებული ანგარიშის თანახმად, ცხრა თვის განმავლობაში შვედეთის ნავსადგურებში რუსული თხევადი აირით დატვირთული არანაკლებ რვა დიდი ტანკერი. თხევადი აირის ღირებულება აღემატება ერთ მილიარდ SEK-ს (1 მილიარდი შვედური კრონა უდრის 100 მილიონ დოლარს), რაც, „გრინპისის" მიხედვით, შეესაბამება დაახლოებით 15 „კალიბრის" ტიპის რაკეტას ან რამდენიმე ათას ირანულ უპილოტო საფრენ აპარატს, რომლებითაც რუსეთი რეგულარულად ბომბავს უკრაინელებს.
რაკეტებით მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება, შვედეთი აფინანსებს ომს რუსული აირის შეძენით. ეს სამარცხვინოა, - ამბობს შვედეთის გრინპისის ხელმძღვანელი როლფ ლინდალი.
მისი თქმით, შვედეთი შედარებით მცირედ არის დამოკიდებული რუსულ აირზე და მისი იმპორტი უკრაინელი ხალხის ღალატია.
ომის წლისთავზე გრინპისი მთავრობას ათასობით ხელმოწერას გადასცემს იმპორტის შეწყვეტის მოთხოვნით.
Aftonbladet წერს, რომ მან კომენტარის გაკეთება ენერგეტიკის მინისტრ ებუ ბუშს სთხოვა.
ცნობისათვის: Aftonbladet 1830 წლიდან გამოიცემა. მან შვედური გამოცემებიდან პირველმა განათავსა თავის მასალები ინტერნეტში. ჩატარებული კვლევის თანახმად, ინფორმაციის მისაღებად მას მიმართავს შვედეთში ინტერნეტის მომხმარებლების უმრავლესობა (46%). პოპულარულია აგრეთვე ფინეთში და ნორვეგიაში. მისი აქტივების 91%-ის მფლობელია ნორვეგიული მედია ჯგუფი Schibsted, 9%-ს კი Landsorganisationen i Sverige (შვედეთის პროფკავშირულ ორგანიზაციათა ქოლგა ორგანიზაცია) ფლობს.