რუსეთის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხმების 87,34% მიიღო.
საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პუტინმა ყველაზე მეტი ხმა, 98,99% ჩეჩნეთში მიიღო. ოფიციალური შედეგებით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პუტინის მხარდაჭერა 85,57%-ია.
მეორე ადგილზეა სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი ხმათა 4,3%–ით მას მოსდევს "დუმის" ვიცე-სპიკერი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი 3,8%–ით და მეოთხე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი 3,17%–ით.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ჩატარდა, პუტინის გარდა მონაწილეობდა ის სამი კანდიდატი, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. მათ შორის ვერ მოხვდა, მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
სამდღიანი კენჭისყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.
17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.
დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტ "ОВД-Инфо-ს" ცნობით, 18 მარტის 04:24 საათისთვის ცნობილია, რომ რუსეთის 21 ქალაქში, სულ მცირე, 86 ადამიანი დააკავეს, ყველაზე მეტი, 28 - ყაზანში.
რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 74,22% შეადგინა.
ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი.