„უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ, - იუწყება „როიტერი“.
პროექტში მონაწილე „ტრამპის ორგანიზაციის“ პარტნიორების წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოქვეყნებული რეპორტაჟის თანახმად, შერეული დანიშნულების 70-სართულიანი შენობა, სახელწოდებით „ტრამპ თაუერ თბილისი“ საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ მან გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ვერ შეძლო. დადასტურება ვერ შეძლო, რადგან „ტრამპის ორგანიზაციამ“ კომენტარზე მის თხოვნას არ უპასუხა.
„ტრამპ თაუერ თბილისში“ განთავსდება მდიდრული საცხოვრებელი ფართები, საცალო ვაჭრობის და სასტუმროს ობიექტები. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, პროექტს არქიტექტურული ფირმა „Gensler“ ავითარებს და მხარს უჭერს კონსორციუმი, რომელშიც შედიან ქართული უძრავი ქონების კომპანია „არქი ჯგუფი“ და „ბიოგრაფი ლივინგ“.
ტრამპების ოჯახის ბიზნესორგანიზაციამ, რომელიც ცნობილია როგორც „ტრამპის ორგანიზაცია“, იანვარში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინვესტიციები, აქტივები და ბიზნესს ინტერესები მისი შვილების მიერ მართულ ტრასტში განთავსდებოდა და ის არ ჩაერთვებოდა ყოველდღიურ ოპერაციებში ან გადაწყვეტილებების მიღებაში.
როგორც „ტრამპის ორგანიზაციის“ მაკონტროლებელი ტრასტის ბენეფიციარს, ტრამპს თანამდებობის დატოვების შემდეგ ამ ბიზნესების მიერ გენერირებულ შემოსავალზე წვდომა ექნება.




