დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას გამოთქვეს შეშფოთება ღაზის სექტორში დახმარების მიღებისა და ისრაელ-ჰამასის ომის გავრცელების რისკების შესახებ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ღაზაში სასწრაფო ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიღების მნიშვნელობას. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ ძალისხმევაზე, რათა მოხდეს საკვების, საწვავის, წყლისა და მედიკამენტების მიწოდება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ღაზის სექტორიდან გამოყვანაზე“, – განაცხადა სუნაკის სპიკერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერის თქმით, ლიდერებმა გამოხატეს შეშფოთება რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროზე ესკალაციის რისკის გამო.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერებმა დაადასტურეს ისრაელის უფლება, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
სუნაკმა და მაკრონმა განაცხადეს, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის, მშვიდობის დამყარების საუკეთესო გზაა.
თარგმანი: საქართველოს პირველი არხი.