ამის შესახებ ინფორმაციას თავის ტელეგრამის არხზე ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის მოადგილე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი ავრცელებს.
„დიდი სიამოვნებით ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმისშვილს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირ ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილს ადამ რამზანის ძე კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი წოდების - ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდების მინიჭებას", - წერს ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის მოადგილე ადამ დელიმხანოვი.
მისი თქმით, „ძვირფასი ძმისშვილი ადამ რამზანის ძე არის განსახიერება გამორჩეულად წიგნიერი, ყოველმხრივ განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდის, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში ავლენდა ლიდერის და ორგანიზატორის თვისებებს, ყოველთვის ისწრაფოდა საკუთარი განვითარებისკენ და ფუჭად არასდროს კარგავდა დროს".
შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი, რომელიც 21 წლის ასაკიდან კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, 22 წლის ასაკიდან კულტურის მინისტრი, ახლახან კი ვიცე-პრემიერი გახდა. რამზან კადიროვის კიდევ ერთი ქალიშვილი, 20 წლის ხუტმატი ივნისიდან ჩეჩნეთის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კურატორია, ვაჟი აჰმედი კი 2022 წლის სექტემბრიდან, 16 წლის ასაკიდან, ჩეჩნეთის ყველა საბავშვო და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.