ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფონტანკა" წერს.

„ფონტანკას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც  მე-7 სერიის BMW-ს მარკის ავტომობილში იჯდა, Land Cruiser-ში მყოფი დაცვის წევრებთან ერთად მივიდა ერმიტაჟთან ახლოს მდებარე უშიშროების ფედერალური სამსახურის სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის დირექტორატის ოფისში, სადაც ის ოფიციალურად მიიწვიეს, რათა დაებრუნებინათ იარაღი, რომელიც „ჩრდილოეთ ვერსალის" სახელით ცნობილ ელიტარულ დასახლებაში არსებული მისი კოტეჟიდან 24 ივნისს ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოიღეს.   

 
„ბეემვეს" უკანა კარიდან გადმოსულმა სულ რამდენიმე მეტრი გაიარა და თავად შეაღო მასიური კარი წარწერით „მისაღები".

„ფონტანკას" ცნობით, პრიგოჟინს დაუბრუნეს ორი კარაბინი „საიგა", ავსტრიული კარაბინი  Steyr Mannlicher, ნახევრად ავტომატური შაშხანა Arka, კიდევ რამდენიმე თოფი და სახელობითი Glock-ის ტიპის პისტოლეტი, რომლითაც პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დააჯილდოვა მათ შორის დაპირისპირების დაწყებამდე. 

ოფიციალური პროცედურა დიდხანს არ გაგრძელებულა. პრიგოჟინი მალე გამოვიდა. მისმა თანმხლებმა პირებმა შენობიდან იარაღი გამოიტანეს და მანქანაში ჩაალაგეს.

უფრო ადრე, 4 ივლისს, „ფონტანკა" იუწყებოდა, რომ პრიგოჟინს დაუბრუნდა სასტუმრო Trezzini-სთან „გაზელის" მარკის მიკროავტობუსში და River House Hotel-ის მიწისქვეშა პარკინგში მინივენში ნაპოვნი 10 მილიარდი რუბლი, თუმცა თანხა არა პირადად პრიგოჟინს, არამედ მინდობილობის მქონე მის მძღოლს გადასცეს.