პოლონურმა პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერის, დონალდ ტუსკის მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 10 წლის წინ, ტუსკის პრემიერობის პერიოდის შემთხვევაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ Associated Press წერს.
ვარშავის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება პოლონელი ბიზნესმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ტუსკმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება ის აიძულა შეეწყვიტა ქვანახშირის იმპორტი რუსეთიდან.
ბიზნესმენი მარეკ ფალენტა გაასამართლეს და 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2013 და 2014 წლებში ვარშავის რესტორნებში პოლიტიკური და ბიზნესის ლიდერების პირადი საუბრების ფარულად ჩაწერისთვის.
ეს საუბრები პოლონურ მედიაში 2014 წელს გამოქვეყნდა. ცოტა ხნის შემდეგ, ტუსკმა პოლონეთი დატოვა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გახდა, მაგრამ ჩანაწერებმა გამოიწვია სკანდალი, რამაც ხელი შეუწყო 2015 წელს ცენტრისტული, პროევროპული მთავრობის დამარცხებას. მის ნაცვლად ამჟამინდელი კონსერვატიული მმართველი პარტია აირჩიეს.
ფალენტა ამტკიცებს, რომ ტუსკმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და დაავალა აუდიტის ჩატარება იმ კომპანიისთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, რომელიც რუსული ნახშირის იმპორტს ახორციელებდა პოლონეთში.
პროკურატურის თქმით, ამ ეტაპზე ტუსკის დაკითხვა არ იგეგმება.
იმ დროს პოლონეთს რუსეთიდან დიდი რაოდენობით ნახშირი შემოჰქონდა და ტუსკი ამის შეჩერებას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ "სამოქალაქო პლატფორმამ" ძალაუფლება დაკარგა, რუსეთიდან ნახშირის იმპორტი გაიზარდა, მაგრამ გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეჩერდა.
ტუსკმა მმართველი კონსერვატიული პარტია - "კანონი და სამართლიანობა" (PiS) იმ მსჯავრდადებული კრიმინალის სახელით მოქმედებაში დაადანაშაულა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა.
"კანონი და სამართლიანობა" (PiS) მდევნის ჩემი მთავრობის დროს რუსული ნახშირის იმპორტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. პროკურატურა მოქმედებს ამ ქვანახშირის იმპორტიორის, უკანონო მოსმენისთვის მსჯავრდადებული მარეკ ფალენტას მოთხოვნით. მან გამოიყენა თავისი ჩანაწერები, PiS-თან შეთანხმებით, ხელისუფლების დასამხობად." - დაწერა ტუსკმა Twitter-ზე.