პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკვე მზად არიან უკრაინას MiG-29 ტიპის კიდევ რვა ავიაგამანადგურებელი გადასცენ. ამის შესახებ მან ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდას განცხადებით, ოთხი ავიაგამანადგურებელი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცა. კიდევ ოთხი ახლა გადაეცემა, ანუ სულ რვა. „ჩვენ მზად ვართ, ამის შესახებ ვესაუბრე პრეზიდენტს, გადავცეთ კიდევ ექვსი, რომლებიც ახლა მზადდება ამისთვის. ვვარაუდობთ, რომ ეს ავიაგამანადგურებლები ძალიან მალე გადაეცემა“, - განაცხადა დუდამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს კიდევ რჩება ავიაგამანადგურებლები, რომლებმაც გაიარეს მოდერნიზაცია და ახლა ადაპტირებულები არიან NATO-ს სტანდარტებთან.

„ეს MiG-ები ჩვენ ჯერ კიდევ დაგვჭირდება, ახალ თვითმფრინავებთან ერთად, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში გადმოვა... ვფიქრობ, რომ მომავალში შევძლებთ MiG-29 ტიპის თვითმფრინავების მთელი ჩვენი პარკი გადავცეთ, თუ ეს აუცილებელი იქნება. მათ გადაცემას დასჭირდება მოკავშირეების თანხმობა, უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატების“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.