აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები მიაწოდოს, ნაკარნახევია ფრონტზე რუსეთის არმიის ახალი ტაქტიკით.
"ისინი აღარ უტევენ მექანიზებული ძალებით. ისინი მოქმედებენ ქვეითთა დახმარებით, რომელთაც შეუძლიათ, წინ წაიწიონ და გზა გაუკვალონ მექანიზებულ ჯარებს", – განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინის არმიას ესაჭიროება იარაღი, რომელიც მას დაეხმარება მტრის „ძალისხმევის შენელებაში“.
"ნაღმები, რომელთა მიწოდებაც გვინდა მათთვის, არის ნაღმები, რომლებიც არ არის მუდმივი მოქმედებისა. ანუ შეგვიძლია, გავაკონტროლოთ, როდის ახდენს ისინი თვითაქტივირებას, თვითგანადგურებას და ეს მათ ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის",– დასძინა ოსტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა იყოს პასუხისმგებელი იმისთვის, თუ სად იქნება ეს ნაღმები განლაგებული.
ადრე ბაიდენის ადმინისტრაცია უარს ამბობდა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდებაზე, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ძალზე დიდია რისკი სამოქალაქო მოსახლეობისთვის.