უნგრული მედიის ინფორმაციით, ასეთი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს დილით, ენერგეტიკული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ვიქტორ ორბანის მიერ მოწვეულ ენერგეტიკული საბჭოს სხდომაზე მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის ტრანზიტით გამოწვეული საფრთხეების აღმოფხვრის საკითხზე იმსჯელეს და რადგან ტრანზიტის შეჩერებას უკრაინის მხრიდან  პოლიტიკურ შანტაჟად იქნა აღიარებული, უკრაინის მიმართ საპასუხო ზომები მიიღეს. მთავრობა  მიწოდების შეფერხების რისკის აღმოფხვრას ნავთობის მარაგების ნაწილის გახარჯვით და ნავთობის საზღვაო გზით ტრანსპორტირებით (ხმელთაშუა ზღვით ხორვატიამდე და შემდეგ ხორვატიის გავლით - „აიპრესი“) გეგმავს და ამავდროულად, უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვის შესახებ აცხადებს.  უნგრეთმა ასევე შეაჩერა დიზელის საწვავის მიწოდება უკრაინაში და ვეტოს დაადებს კიევთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას, სანამ მიწოდება არ აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ელექტროენერგიის 40 პროცენტი უნგრეთიდან მოდის, მთავრობა ამ ეტაპზე არ გათიშავს სისტემას, რათა პრობლემები აარიდოს იმიერკარპატიის უნგრულ თემს, - წერს უნგრული მედია.

პიტერ სიიარტომ  ენერგეტიკული საბჭოს სხდომის შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ უკრაინელებმა გადაწყვიტეს, არ განაახლონ ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის, შეექმნათ შეფერხება მიწოდებაში და ამ გზით ბენზინის ფასის 1000 ფორინტზე (100 ფორინტი 0,83 ლარის ტოლია - „აიპრესი“) აეყვანათ. მისი თქმით, ეს შეტევა თავიდან აიცილეს ნავთობის მარაგების ნაწილის გამოთავისუფლებით და ნავთობის საზღვაო გზით ტრანზიტის დაწყებით.

უკრაინაში დიზელის საწვავის მიწოდება შეჩერებულია და 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიც დაბლოკილია და უნგრეთი ასევე დაბლოკავს სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას, ხოლო რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ამ მხრივ „ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, რადგან ელექტროენერგიის გათიშვა, პირველ რიგში, იმიერკარპატიის უნგრელებს შეეხებათ და მათ ეს არ სურთ, რადგან მათი პრობლემა არა ხალხში, არამედ უკრაინის ხელმძღვანელობაშია, - თქვა პიტერ სიიარტომ.

ენერგეტიკული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ თავის ფეისბუქზე გამოვეყნებულ ვიდეოში პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ-ორბანმა განაცხადა, რომ  უკრაინამ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტით რისკის ქვეშ დააყენა უნგრეთის ენერგოუსაფრთხოება, თუმცა საფრთხე წარმატებით იქნა თავიდან აცილებული და დღეს უნგრეთში მიწოდების უსაფრთხოება რისკის ქვეშ აღარაა და ქვეყნის შეუფერხებელი, ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილია.

ამავდროულად, ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ კონტრზომების მიღება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნგრეთიდან უკრაინაში დიზელის საწვავის მიწოდება არ აღვადგინოთ მანამ, სანამ უკრაინიდან ნავთობის მიწოდებას არ მივიღებთ, - თქვა ვიქტორ ორბანმა და დასძინა, რომ ისინი სიფრთხილით იმოქმედებენ ენერგომომარაგების საკითხში, რადგან უნგრელები საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრობენ, „და ჩვენი მტერი არა უკრაინელი ხალხია, არამედ უკრაინული ცუდი პოლიტიკა“.

მისი თქმით, უნგრეთი უარს იტყვის უკრაინისთვის სამხედრო სესხის გაცემაზე მანამ, სანამ უნგრეთში ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

„თუ ნავთობის მიწოდება აღდგება, ნორმალური სიტუაცია დაბრუნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

ორბანის და სიიარტოს განცხადებების შემდეგ უნგრული პრესა მკითხველს მოვლენების განვითარებას შეახსენებს და წერს:

მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება 27 იანვარს შეჩერდა. უკრაინა აცხადებს, რომ რუსული დაბომბვის შემდეგ მილსადენი სრულად არ აღდგენილა მაგრამ უნგრეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს, სისტემა ფუნქციონირებს, მაგრამ გათიშულია პოლიტიკური შანტაჟის მიზნით (ზეწოლა უნგრეთზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან და დახმარების გაწევასთან დაკავშირებით).

სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით მთავრობისთვის მომზადებული ანგარიშის თანახმად, უკრაინის ხელმძღვანელობა შეგნებულად ემზადებოდა მიწოდების შეწყვეტისთვის, პოლიტიკური ინსტრუმენტად მისი გამოყენებისთვის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლვოვის რეგიონის ბროდის რაიონში რუსეთის თავდასხმამ არ გამოუწვევია ისეთი, რათა გამართლებულიყო უფრო ხანგრძლივი გათიშვა და სისტემა მზადაა მიწოდების განახლებისთვის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა მზად არის გათიშვის სამართლებრივი შედეგებისთვის და ელის, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავენ.

საკითხმა შიდა პოლიტიკური ელფერიც მიიღო მას შემდეგ, რაც, მთავრობის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს პარტია „ტისას“ ლიდერებმა მილსადენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინისა და გერმანიის შუამავლობით გამართეს. ვიქტორ ორბანის თქმით, ჩამოყალიბდა „ბრიუსელი-კიევი-„ტისას““ ღერძი, რომელსაც შეიძლება გეოპოლიტიკური და საარჩევნო მნიშვნელობა ჰქონდეს.

დებატები გამწვავდა მას შემდეგ, რაც ხორვატიამ უარი თქვა უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდებაზე მილსადენ „ადრიას“ მეშვეობით. ხორვატიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ომს აფინანსებს, ხოლო „იანაფის“ სისტემას შეუძლია ნავთობის ტრანსპორტირება სხვა წყაროებიდან. მეორეს მხრივ, MOL-მა (უნგრეთის ნავთობის და გაზის კომპანია) ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ადრიას“ მილსადენი ამჟამად მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებს და არ წარმოადგენს სრულფასოვან ალტერნატივას მილსადენ „ბარაცაგზე“ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში. კომპანიის თქმით, ხორვატიის მონაკვეთის სიმძლავრე და მდგომარეობა ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მხოლოდ 80%-მდე ეფექტურობით მუშაობისთვისაა საკმარისი. 

საპასუხოდ, უნგრეთმა შეწყვიტა დიზელის საწვავის ექსპორტი უკრაინაში და გახარჯა 250000 ტონა ნავთობი თავისი სტრატეგიული რეზერვებიდან, რაც მისი მთლიანი რეზერვების დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს. სლოვაკეთმა მსგავსი ნაბიჯი გადადგა და Slovnaft-მაც შეწყვიტა კიევისთვის დიზელის საწვავის მიწოდება. ევროკომისიამ ასევე მოიწვია საგანგებო შეხვედრა მიწოდების უსაფრთხოებისა და ალტერნატიული ვარიანტების განსახილველად. უნგრეთის მთავრობა ელის, რომ ბრიუსელი უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არსებულ სიტუაციაში ევროკავშირის რეგულაციების დაცვით.

უკრაინა უარყოფს და გმობს სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობების „ულტიმატუმებსა და შანტაჟს“ უკრაინის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს.

„ულტიმატუმები უნდა იყოს მიმართული კრემლისკენ და არავითარ შემთხვევაში კიევისკენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ შაბათს განაცხადა: „თუ ორშაბათისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება, მე მოვუწოდებ CEPS-ს (სლოვაკეთის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემა - „აიპრესი“), შეწყვიტოს უკრაინისთვის უკრაინისთვის ელექტროენერგიის ავარიული მიწოდება “. კიევის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთი ზომები „პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და მთელი რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სარისკოა“.