ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების ნათესავებმა და მხარდამჭერებმა კოდორის ხიდის ბლოკირება შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მათთან მისულმა "დეპუტატმა" ბესლან ემურხბამ და ოჩამჩირეს რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ბესლან ბიგვავამ დაარწმუნეს შეკრებილები, რომ დაკავების შემდგომი გაგრძელების უსაფუძვლობის გამო ოპოზიციონერებს მალე გაათავისუფლებენ.

აფხაზური საგზაო პოლიციის უფროსი იმედოვნებს, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ გუმისთის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც.

კოდორისა და გუმისთის ხიდები წუხელ დე ფაქტო უშიშროების თანამშრომლების მიერ ხუთი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების საპასუხოდ გადაიკეტა. ხსენებულ ხუთ პირს "დეპუტატ"ალმას აკაბაზე თავდასხმას ედავებიან.

ცნობისთვის, გასული ღამით სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ "ეროვნული უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა გამართა, რომელზედაც "უშიშროების სახელმწიფო სამსახურის" ხელმძღვანელმა დიმიტრი კუჭუბერიამ მიმდინარე მოვლენების "მასობრივი არეულობა" უწოდა და დასძინა, რომ "ძალოვანი უწყებების თანამშრომლები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამის ზომებს იღებენ".

თავის მხრივ, დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ აცნობა სხდომის მონაწილეებს, რომ 11 ნოემბერს, დღისით, "პარლამენტის" რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ აფხაზური საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფმა ხუთმა მოქალაქემ ერთ-ერთი "დეპუტატის" მიმართ "კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განახორციელა".

"მოგვიანებით დაკავებულთა ნათესავებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში შეჭრის მცდელობა განახორციელეს დაკავებულთა დაუყოვლებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა სამართალდამცველებმა ამ მცდელობის აღკვეთა მოახერხეს" - განაცხადა აგრბამ.

იგი გამოვიდა მოწოდებით, "ყველამ თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომელთაც აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაცია ძალუძს".

აფხაზური ოპოზიციის მტკიცებით, დაკავება უკანონო იყო და მიუხედავად ამისა, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია "რეციდივისტებივით დააკავეს".

მომიტინგეები დე ფაქტო უშიშროების შენობასთან შეკრიბნენ, ავტომანქანით ჭიშკარი შეამტვრიეს და უწყების ეზოში განაგრძეს აქცია, თუმცა მოგვიანებით თავისუფლების მოედნისკენ გადანაცვლეს. ამასთან დაკავშირებით დე ფაქტო რეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან სამხედრო ტექნიკა გადაიყვანეს.

პროტესტის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი სამი საკვანძო არტერიის - გუმისთის, ქვემო გუმისთისა და კოდორის ხიდები გადაკეტეს.