ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის ყოველ დღეს, რადგან ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში 17 იანვარს, კომიტეტის სხდომის გახსნისას.
ბაუერის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების რაიმე რეალურ საფრთხესთან, რომელიც მომდინარეობს უკრაინიდან ან ნატოდან.
"ეს ომი გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს ეშინია რაღაც უფრო ბევრად ძლიერის, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური იარაღია დედამიწაზე: ეს არის დემოკრატია. თუ უკრაინაში ადამიანებს შეუძლიათ, ჰქონდეთ დემოკრატიული უფლებები, მაშინ რუსეთშიც მალე მოისურვებენ ამას" - ამბობს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი და უკრაინული არმია იცავს დემოკრატიას ისე, როგორც არასდროს უნახავს ეს მსოფლიოს. „ომის სიბნელეში ისინი სინათლის შუქურები არიან, რომლებიც მსოფლიოს უჩვენებენ, რას ნიშნავს ბრძოლა იმისთვის, რისიც გჯერა“, - თქვა ბაუერმა.
მან აღნიშნა, რომ ნატო იცავს არა მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების მილიარდი მოსახლის ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ მათ თავისუფლებას და დემოკრატიას.
„ძალაუფლების ტექტონიკური ფირფიტები იცვლება და შედეგად ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სახიფათო გზას ვადგავართ“, - გააფრთხილა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.