საბერძნეთში დაკავებული მოლდაველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვაში ექსტრადიციას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters პლახოტნიუკის ადვოკატზე, ლუსიან როგაჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩემი კლიენტი მოლდოვაში ექსტრადიციას ოფიციალურად დათანხმდა", – განაცხადა პლახოტნიუკის ადვოკატმა.

როგაჩის თქმით, პლახოტნიუკი მზადაა, საერთაშორისო სასამართლო ორგანოებთან ითანამშრომლოს.

59 წლის ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა, გასულ კვირას ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში მიემგზავრებოდა.

პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდავური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა. ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.

პლახოტნიუკი დანაშაულს არ აღიარებს.