ამის შესახებ გერმანიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

ბუნდესტაგის ყოფილ წევრს ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირიდან, 80 წლის ედუარდ ლინტნერს, რომელსაც პროკურატურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით სხვა დეპუტატების აზერბაიჯანიდან მიღებული ფულით მოსყიდვაში სდებდა ბრალს, მიუნხენის უმაღლესმა რეგიონულმა სასამართლომ ცხრათვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ედუარდ ლინტნერი ბუნდესტაგის წევრი 1976-2009 წლებში იყო, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის წარმომადგენელი კი 1999-2010 წლებში. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლინტნერმა 2008-დან 2016 წლამდე აზერბაიჯანიდან დაახლოებით 4 მილიონი ევრო მიიღო. სავარაუდოდ, მან ამ თანხის ნაწილი გადაურიცხა პოლიტიკოსებს, რომლებსაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა ევალებოდათ.

თანხების ძირითადი მიმღებები, სავარაუდოდ, ბუნდესტაგის ორი წევრი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან, აქსელ ფიშერი და კარინ შტრენცი (საპარლამენტო ასამბლეაში პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპის სახალხო პარტია“, წევრები - „აიპრესი“) იყვნენ. კარინ შტრენცი, რომელიც 2010-2018 წლებში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მოულოდნელად გარდაიცვალა 2021 წელს, როდესაც იგი კუბიდან გერმანიაში ბრუნდებოდა, გზაში ცუდად გახდა და თვითმფრინავი ირლანდიაში დაეშვა, აქსელ ფიშერი კი თავდაპირველად ედუარდ ლინტნერთან ერთად იყო ბრალდებულთა სკამზე, მაგრამ შემდეგ მისი საქმე ცალკე გამოიყო. ბრალდების მტკიცებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ფიშერი და შტრენცი (ფიშერის მოადგილე ერთ-ერთ კომიტეტში) აზერბაიჯანის ინტერესებს იცავდნენ.





დაცვის მხარემ ლინტნერის გამართლება მოითხოვა. თავად ლიტნერმა აღიარა სასამართლოში მაისში, რომ ევროპის საბჭოს დატოვების შემდეგ მან თანხები გაგზავნა აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. გამოძიებამ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან შენიღბული გადახდები, სხვა არხებთან ერთად, მისი კომპანიის მეშვეობით განხორციელდა. თუმცა, ლინტნერმა უარყო, რომ ეს იყო მოსყიდვა. მისი თქმით, მას სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია.

„მე ამ ყველაფერს ლობირების ერთგვარ სახეობად მივიჩნევდი, რომელიც პრაქტიკულად ყველგან არის წარმოდგენილი დღესაც“, - განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო DPA-ს.