მღვდელს, რომელმაც ალექსეი ნავალნის პანაშვიდი გადაიხადა, მღვდელმსახურების უფლება სამი წლით შეუჩერდა. ინფორმაციას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ეპარქია ავრცელებს.
ეპარქიას საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არ დაუკონკრეტებია დმიტრი საფრონოვისთვის მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი.
ასევე, საფრონოვს გადაიყვანენ მოსკოვის სხვა ეკლესიაში, სადაც ის ფსალმუნების მკითხველის ფუნქციებს შეასრულებს.
ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 1 მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. პოლიტიკოსის პანაშვიდი ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გაიმართა.
ეკლესიასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. გასვენების ცერემონიას კი მოქალაქეებთან ერთად, აშშ-ს ელჩი ლინ ტრეისი, გერმანიის ელჩი ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფი, საფრანგეთის ელჩი პიერ ლევი და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი დაესწრო.