ასეთი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რეგიონულ ყოველდღიურ გაზეთთან (PQR - presse quotidienne régionale) ინტერვიუში გააკეთა.
რეგიონულ ყოველდღიურ გაზეთთან ინტერვიუში, რომელიც ამ საღამოს გამოქვეყნდა, ემანუელ მაკრონი ირწმუნება, რომ „საფრანგეთი არ ემზადება სახმელეთო ჯარების კონფლიქტის მონაწილე მეომარი მხარეების ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნისთვის“.
მოსკოვთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების გადაწყვეტილებები შეიძლება მოიცავდეს „ექსპერტების ან თუნდაც ჯარების გაგზავნას შეზღუდული დროით, კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარეთ, რათა დაამშვიდონ უკრაინელები და ხელი მოაწერონ სოლიდარობის შეთანხმებას“ (იგულისხმება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შესაძლო შეთანხმება - „აიპრესი") და „სწორედ ამაზე ვფიქრობთ ბრიტანელებთან ერთად“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს შესაძლებლობა „მოლაპარაკებების ფარგლებში ფრონტის ხაზის გასწვრივ გაეროს მანდატით სამშვიდობო ოპერაციის წარმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების“.
ემანუელ მაკრონი თვლის, რომ დონალდ ტრამპმა „შეიძლება განაახლოს სასარგებლო დიალოგი პრეზიდენტ პუტინთან“, ხოლო თავად „რა თქმა უნდა“ აიღებს ტელეფონს, თუ პუტინი მას დაურეკავს.
„თუ პრეზიდენტი პუტინი დამირეკავს, რა თქმა უნდა, ტელეფონს ავიღებ“ და „რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაველაპარაკები, თუ ეს სასარგებლო იქნება არსებულ ვითარებაში“, - თქვა ემანუელ მაკრონმა და დასძინა:
„არ იფიქროთ, რომ არ შეიძლება მოხდეს წარმოუდგენელი რამ, მათ შორის ყველაზე უარესი“..