აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ტრამპის გუნდი იკვლევს შესაძლო გზებს, რათა დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ისე, რომ თავიდან აიცილოს მისი განმეორება მომავალში. ამის შესახებ უოლცმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"როგორ გამოიყურება წარმატება ჩვენი ინტერესების შესაბამისად? როგორ დავასრულოთ ომი? ვინ დგას მოლაპარაკების მაგიდასთან?

როგორ მივიყვანოთ ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან და რა არის შეთანხმების ჩარჩო? ეს ის საკითხებია, რასაც ჩვენ განვიხილავთ იმ ფანტასტიკურ გუნდთან ერთად, რომელსაც ის [ტრამპი] აერთიანებს", - განაცხადა უოლცმა.

ამავდროულად, უოლცმა აღნიშნა, რომ დეტალებში შესვლას არ აპირებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი ტრამპის ინაუგურაციამდე აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან აქტიურ კოორდინაციას ეწევა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.

"არჩევნების შემდეგ ყველა, ვინც ჩვენთან მოვიდა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, პრეზიდენტი ზელენსკი და სხვები... ყურადღეაბს ამახვილებდნენ იმაზე, რაზე მე ვისაუბრე: როგორ დავასრულოთ ეს კონფლიქტი, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ აღდგეს სტაბილურობა, შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა და იმედი მაქვს სამუდამოდ და არა უბრალოდ შეჩერდეს. ამ ყველაფერზე ვფიქრობთ", - განაცხადა უოლცმა.