რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი "უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს" და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებების აღსადგენად იბრძოლებს. 

"მსურს, ყველა დამსწრე ვანუგეშო, რომ რუსეთი უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს განსაცდელის წინაშე არ მიატოვებს და მიაღწევს იმას, რომ მათი სამართლებრივი უფლებები დაცული იყოს, ხოლო კანონიკურმა მართლმადიდებლობამ უკრაინულ მიწაზე ერის სულიერ ცხოვრებაში თავისი ცენტრალური ადგილი დაიბრუნოს". - თქვა ლავროვმა. 

ლავროვის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება კაცთმოძულეა, რადგან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მართლმადიდებელ ეკლესიას "დევნის". 

"მისი კაცთმოძულე არსის ტრაგიკული და, ამავდროულად, თვალნათელი მაგალითია მრავალწლიანი დევნა ქვეყნის ყველაზე მსხვილი კონფესიისა, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც კიევში მჯდარმა ხელისუფლებამ იურიდიულ ლიკვიდაციასთან ახლოს მიიყვანეს. არ წყდება ტაძრების ჩამორთმევა, ვანდალიზმი, თავდასხმები მღვდლებსა და მრევლზე". - თქვა ლავროვმა.