უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სამარცხვინო უწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებას, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.
"საბოლოოდ კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში". - წერს კულება სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ.
მონაწილეობის პირობაა, რომ მათ აქტიურად არ დაუჭერიათ მხარი კრემლის ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ და არ ჰქონიათ ხელშეკრულება სამხედროებთან და არმიასთან თავიანთ ქვეყანაში.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად რვა რუსი და სამი ბელარუსი სპორტსმენი აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მათ ნებართვა მოიპოვეს, პარიზის თამაშებში მიიღონ მონაწილეობა 2024 წელს. გუნდები რუსი ან ბელარუსი სპორტსმენებით კვლავაც არ დაიშვება.