Meduza იმ იშვიათ რუსულ გამოცემებს შორისაა, ვინც წლებია ვლადიმერ პუტინის რეჟიმს ღიად აკრიტიკებს.
ამის გამო 2021 წელს გახდა პირველი მედიასაშუალება, რომელსაც რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭეს.
ეს სტატუსი უკვე არაერთ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და აქტივისტს აქვს და კრემლი მათი დევნის მექანიზმად იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ Meduza-ს უკვე არაერთი შეზღუდვა დაუწესდა, ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიას პირდაპირ უწოდებენ ომს და 337 დღეა განახლებად რეჟიმში აშუქებენ. ამის გამო 2022 წლის გაზაფხულზე როსკომნადზორმა ვებგვერდი რუსეთში დაბლოკა.
Meduza-ს არასასურველად გამოცხადების მოთხოვნით, პროკურატურას სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა 2022 წლის ივნისში მიმართა.
განცხადებაში პროკურატურა ამტკიცებს, თითქოს "მიღებული მასალების შესწავლის საფუძველზე" ლატვიაში ბაზირებული ორგანიზაციის, Medusa Project-ის საქმიანობა არასასურველად მიიჩნიეს, რადგან "საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს და ქვეყნის უსაფრთხოებას".