სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის დროს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთს ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ წინასწარ გააჩნდა.
"სულ მცირე, 2024 წლის 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ეს ინფორმაცია მათ დაზვერვის სამმართველოს სირიული ჯგუფისგან მიიღეს. სწორედ იქიდან მიიღეს მოსკოვში. ნუ მოჰყვებიან ზღაპრებს, რომ ეს ყველაფერი არსაიდან მოხდა." – თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა დაასახელა საკუთარი ვერსიები, თუ რატომ მოხდა ტერაქტი, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, რუსეთს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
"რატომ დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო - რამდენიმე ვარიანტია. პირველი, ეს, როგორც მათთან ამბობენ, კოშკების თამაშია, რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ. სხვა ვარიანტია - მათ რეალურად ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, რაც მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა უფრო ლოკალური და ყველაფრის უკრაინისთვის დაბრალება სურდათ." – თქვა ბუდანოვმა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისთვის ტერორიზმი მიუღებელია, თუნდაც ის მტრის წინააღმდეგ იყოს მიმართული.
"გამოჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის ახსნები, რომლებიც პირადად მე მაბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი უკრაინამ მოაწყო. ეს სისულელეა. სხვათა შორის, ამ მტკივნეულ შეკითხვას რომ შევეხოთ, მართალია მტრები არიან, მაგრამ, პრინციპში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს არ ვამართლებ." – თქვა ბუდანოვმა.