შეერთებულმა შტატებმა მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეისგან ჭურვების შეძენა სურს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ, ბრიფინგზე განაცხადა.
"ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გააფართოოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების შეძენით," - თქვა მან.
კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლო ვიზიტს ჩრდილოეთ კორეაში უკავშირებს რუსეთის მცდელობას, ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მასალის გაყიდვაში დაარწმუნოს.
კოორდინატორმა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდებაზე მოსკოვსა და ფხენიანს შორის ნებისმიერი შეთანხმება პირდაპირ არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს უამრავ რეზოლუციას. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა გამოავლინოს და აღკვეთოს რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა შეიძინოს საბრძოლო მასალა ჩრდილოეთ კორეიდან ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსგან, რომელსაც სურს მხარი დაუჭიროს კრემლის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
მან აღნიშნა, რომ ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასოწარკვეთილია აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რამდენად მოქმედებს დასავლეთის სანქციები მის "საომარ მანქანაზე."