უკრაინელი ჟურნალისტი ბოგდან ბიტიკი, რომელიც იტალიური გაზეთის, La Repubblica-ს რეპორტიორს კორადო ზუნინოს ეხმარებოდა საომარი მოქმედებების გაშუქებაში, სნაიპერის გასროლის შედეგად ხერსონის გარეუბანში დაიღუპა, ზუნინო დაიჭრა და ამჟამად კიევში უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. იუწყება BBC
გამოცემის ცნობით, ორივე გამოცდილი რეპორტიორი იყო და ატარებდენენ ჯავშანჟილეტს წარწერით „პრესა“.
„ჩვენ გვესროდნენ, დავინახე, რომ ბოგდანი იწვა მიწაზე უმოძრაოდ, მე გავცოცდი და როდესაც სროლის ზონას თავი დავაღწიე, გავიქეცი მანქანისკენ, მთლიანად სისხლში ვიყავი, მე ხერსონის საავადმყოფოში გადამიყვანეს“, - ამბობს ზუნინო.
გაზეთის ცნობით, რეპორტიორებს ცეცხლი ანტონოვის ხიდთან გაუხსნეს. ჟურნალისტის ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება სნაიპერების მუშაობის გამო.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს კიევში საელჩოს წარმომადგენლებთან და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა ზუნინო სამშობლოში დააბრუნონ.