კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა, - ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის "მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში".
"ირანის რეჟიმი მუდმივად ავლენს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, როგორც ირანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მზადყოფნას მოახდინოს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა დომინიკ ლებლანმა.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ირანში მყოფი კანადის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, თვითნებური დაკავების საფრთხე დაემუქროთ.
„ჩემი გზავნილი ნათელია: ისინი, ვინც ახლა ირანში იმყოფება, დროა დაბრუნდნენ სახლში და ისინი, ვინც ირანში წასვლას აპირებენ, არ წავიდნენ“, - აღნიშნა მელანი ჯოლიმ.