NATO შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ზელენსკის ყველაზე მეტად აწუხებს საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება, ასევე NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.
"უკრაინელებმა შეიტანეს განაცხადი და NATO-მ უნდა უპასუხოს ამ განცხადებას. თუ საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს, არის NATO-ში გაწევრიანება", - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ესტონეთი მოუწოდებს NATO-ს წევრ ქვეყნებს, მისცენ უკრაინას გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა, თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ.
"ჩვენი მხრივ, ვცდილობთ დავარწმუნოთ მოკავშირეები, თუ რატომ უნდა მიენიჭოს უკრაინას ომის შემდგომ ასეთი მკაფიო პერსპექტივა, რათა ეს გზავნილები იყოს ნათელი და, მეორე მხრივ, ჩვენ ვეუბნებით უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთონ მათ ამ მიმართულებით სვლისთვის", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.