ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი ლიბერალური რეფორმის პარტია, რომელსაც პრემიერ მინისტრი კაია კალასი ხელმძღვანელობს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების თითქმის 100%-ის დამუშავების შემდეგ, მას ხმების 31%-ზე მეტი აქვს და კონკურენტებს დიდი სხვაობით უსწრებს.
რეფორმების პარტიას, რომელიც ემხრობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, კრემლთან მკაცრი ხაზის გავლებას და უკრაინის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, შეუძლია 37 დეპუტატის მანდატის იმედი ჰქონდეს, რაც 2019 წლის არჩევნებზე სამით მეტია.
მეორე ადგილზეა ესტონეთის მემარჯვენე პოპულისტური კონსერვატიული სახალხო პარტია (EKRE), რომელსაც ამომრჩეველთა დაახლოებით 16%-მა მისცა ხმა, რაც მას პარლამენტში 17 ადგილს აძლევს. მესამე ადგილზეა ცენტრისტული პარტია, რომელსაც ხმების 15%-ზე მეტი აქვს და 16 მანდატს მიიღებს.
პარლამენტში კიდევ სამი პარტია შედის - ახალგაზრდა ლიბერალური პარტია Eesti 200, კონსერვატიული Isamaa ("სამშობლო") და სოციალ-დემოკრატიული პარტია. არჩევნებში მონაწილე დანარჩენი პარტიები ხუთ-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ.
წინასწარი მონაცემებით, ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 63,7% შეადგინა, დაახლოებით იგივე, რაც 2019 წლის არჩევნებში. ჯამში, ხმა დაახლოებით 615 ათასმა ამომრჩეველმა მისცა, საიდანაც ქაღალდის ბიულეტენით 301 000-ზე მეტმა ისარგებლა, ხოლო 313 000-ზე მეტმა - ინტერნეტ ხმის მიცემით.
101 მანდატისთვის ბრძოლაში ცხრა პოლიტიკური პარტიის 968 კანდიდატი, ასევე 10 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა.
ხელისუფლებაში დარჩენისთვის რეფორმების პარტიას მოუწევს, ხელახლა შექმნას კოალიცია ერთ ან რამდენიმე სხვა პარტიასთან. ამავდროულად, კალასმა EKRE-სთან კოალიცია, იდეოლოგიური განსხვავებების გამო, გამორიცხა.
EKRE-ს ლიდერი მარტინ ჰელმი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მუდმივად ეწინააღმდეგება. მან, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის ძალების მთავარსარდალი მარტინ ჰერემი, კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემით, ესტონეთის თავდაცვის შესაძლებლობების შელახვაში დაადანაშაულა.