რამზან კადიროვი Telegram-ში წერს, რომ უკრაინიდან 2000-ზე მეტი წერილი მიიღო. ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, წერილების ავტორები ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცების დანდობას სთხოვენ.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციამ უკრაინის მცხოვრებლებისგან 2000-ზე მეტი წერილი მიიღო, რომლებშიც ჩემს მიერ გაცემული ბრძანების გაუქმებას ითხოვენ". – წერს კადიროვი.

ცოტა ხნით ადრე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მდებარე ვლადიმირ პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტის შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ოფიციალურად თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. რამზან კადიროვმა ფრონტზე მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს უბრძანა, ტყვედ აღარ აიყვანონ უკრაინელი ჯარისკაცები.

კადიროვის თქმით, წერილების წაკითხვის შემდეგ მან ცოტა ხნით ადრე გაცემული ბრძანება გააუქმა. 

"ჩემდა სასიხარულოდ, ვინც მომმართა ხვდება, რომ დასავლური სილაჩრის მსხვერპლნი არიან". – წერს კადიროვი.