საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“.
ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილა საქართველოში არსებული ვითარება.
„საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით“, - თქვა ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლებას პირობა ჰქონდა დადებული, რომ გაიწვევდა ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა“.
„ვიმეორებ, ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“, - ხაზგასმით თქვა ბორელმა.