იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იტალიის ეროვნულ ინტერესებს.
ამის შესახებ მელონიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში რომის პოზიცია უცვლელია.
„ჩვენი პოზიცია უკრაინის, აგრესიული ომის მსხვერპლი ქვეყნის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ იცვლება. თუმცა ეს მხარდაჭერა არასოდეს უნდა დავაყენოთ იტალიის ეროვნული ინტერესების დაცვაზე მაღლა“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
ცნობისთვის, იტალიასა და უკრაინას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 ნოემბერს უკრაინულმა ძალებმა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში რუსულ სამხედრო ხომალდებზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მხარის ცნობით, ოპერაციის შედეგად ჩაიძირა რუსული კორვეტი „მერკური“ და დაზიანდა სატვირთო გემი „ანგარა“.
სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მელონისა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი დაძაბული იყო. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ კიევმა მოკავშირეებთან შეთანხმების გარეშე განახორციელა იერიშები ლიბიის პორტში გაჩერებულ გემებზე. იტალიის მთავრობის შეფასებით, უკრაინის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ლიბიის სუვერენიტეტი დაარღვია და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში კონფლიქტის გავრცელების საფრთხე შექმნა.
რომში აცხადებენ, რომ იტალია ვერ შეეგუება ქმედებებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიაში ოპერაცია ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იტალიურ მხარესთან შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და რეგულარულ კომუნიკაციას უზრუნველყოფენ.









