უკრაინამ რუსეთს საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით შავ ზღვაში ზავის დამყარება შესთავაზა. ინიციატივა მიმართულია მსოფლიო ბაზრებზე სურსათის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კიევში, სასურსათო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო კონფერენციის — Food from Ukraine-ის ფარგლებში.
"ჩვენ მზად ვართ ზავისთვის. მადლობელი ვართ ინდოეთის, თურქეთისა და ეგვიპტის, რომლებიც აქტიურ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შავ ზღვაში დაძაბულობის დეესკალაციასა და მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ რუსეთის პასუხს ველოდებით", — აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულმა მხარემ კიევს შეთანხმებების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის ნავთობის სექტორზე დარტყმებზე უარის თქმა შესთავაზა. უკრაინა მზად არის, ეს ვარიანტი განიხილოს მხოლოდ ორივე ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ უფრო მასშტაბური შეთანხმების კონტექსტში.
ინიციატივა რუსეთისა და უკრაინის მხრიდან სავაჭრო და საწვავის ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე ორმხრივი თავდასხმების ფონზე განიხილება. მხოლოდ 26 ნოემბერს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შავ ზღვაში, ოდესის სანაპიროსთან, მარცვლეულით დატვირთულ ორ უცხოურ სატვირთო გემზე მიიტანეს იერიში, — იტყობინება უკრაინის ხელისუფლება.
სავაჭრო გემებსა და პორტებზე სისტემატური დარტყმების გამო, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაოსნობა ბოლო თვეებში პრაქტიკულად შეწყდა. მსხვილი გემთმფლობელები უარს ამბობენ იქ გემების გაგზავნაზე მათი განადგურების რისკისა და დაზღვევის მკვეთრი გაძვირების გამო. ამიტომ კიევი და სურსათის იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფოები საზღვაო დერეფნის უსაფრთხოების დიპლომატიურ გარანტიებს ითხოვენ.




