აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, სამხედრო დახმარება ომში უკრაინის გამარჯვების საუკეთესო საშუალებაა. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, მიიღოს კანონპროექტი დამატებითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის დამატებით მრავალმილიარდიან სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.
აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, "რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის წაშლა რუკიდან".
მან კიევის უნარს, გაუძლოს მოსკოვის სრულმასშტაბიან შეჭრას, „დიადი გამარჯვება“ უწოდა.
ბაიდენმა თქვა, რომ „ნატო იქნება უკრაინის მომავალში, ეს ეჭვგარეშეა“. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდება მხოლოდ მაშინ, როცა დრო მოვა და ყველა ქვეყანა დათანხმდება ამას.
თავის მხრივ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ჩვენ გავათავისუფლეთ შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების 50%", – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინისგან მოითხოვს საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დათმობას, „სიგიჟე“ იქნებოდა.
ეს შეერთებულ შტატებში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მეორე დღე იყო. მისი ვიზიტის მიზანია, მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს რუსეთის წინააღმდეგ ომში.