ევან გერშკოვიჩი სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან იგი ჟურნალისტი და ამერიკელია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსული სასამართლოს მიერ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩისთვის 16–წლიანი პატიმრობის მისჯის ფაქტს.
მისი თქმით, აშშ გერშკოვიჩის გათავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
“დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ბევრს ვიბრძვით ევანის გათავისუფლებისთვის და ამას გავაგრძელებთ", – განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, სვერდლოვსკის რეგიონული სასამართლოს მოსამართლემ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და მას 16–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა გერშკოვიჩისთვის 18– წლიან პატიმრობას ითხოვდა.
იგი ბრალს არ აღიარებს.
გერშკოვიჩი ეკატერინბურგში 2023 წლის 29 მარტს დააპატიმრეს, როცა იგი ჟურნალისტურ მივლინებაში იყო. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს ინფორმაციის მოპოვების მცდელობაში ქარხანაზე, რომელიც აწარმოებს რუსეთის მიერ უკრაინის ომში გამოყენებულ ტანკებს. ბრალდების თანახმად, გერშკოვიჩს ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის(CIA) უნდა გადაეცა.
გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს.