ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის, შეერთებული შტატების, ბელგიის და სხვა ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები აქვეყნებენ.

ჯასტინ ტიმბერლეიკს რუმინელი ფანატები რუმინეთში გამართილი კონცერტზე ქცევის გამო აკრიტიკებენ. „ის თითქმის არ მღეროდა“, - ამბობენ ისინი.

ტიმბერლეიკი გამოვიდა Electric Castle ფესტივალზე, მაგრამ ბევრი მისი შესრულებით უკმაყოფილო დარჩა. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, თუ როგორ მოუწოდებს პოპმომღერალი ფანატებს სიმღერისკენ, თავად კი დადის სცენაზე და ხანდახან ცეკვავს.

ეს ის შემთხვევაა „როდესაც იხდი კონცერტის საფასურს და იღებ მუნჯ მომღერალს“, - დაწერა ერთ-ერთმა ფანმა ვიდეოს TikTok-ზე გაზიარებისას და დაამატა: „ტიპმა სცენიდან ერთი დღით დაისვენა“.

„კარაოკეზე ვიყავით?“ ეს ის შემთხვევაა, „როდესაც ყიდულობ ბილეთს, რათა შენ თავს მოუსმინო“; „ჩვენ სპექტაკლისთვის გადავიხადეთ და არა მომღერლისთვის, რომელიც სცენაზე ძირითადად ხელებით ჟესტიკულირებს, რომ სხვებმა იმღერონ“; „მე თანხის სრულად დაბრუნებას მოვითხოვ“- წერენ სხვები.

ჯასტინ ტიმბერლეიკმა რუმინეთში პირველი კონცერტი ხუთშაბათს, 17 ივლისს, კლუჟ-ნაპოკაში, Electric Castle ფესტივალის მთავარ სცენაზე გამართა, ათიათასობით გულშემატკივრის წინაშე, რომლებიც საათობით იდგნენ წვიმაში მისი სიმღერების მოსასმენად.

წყალგაუმტარ შარვალში, ქურთუკში, მზის სათვალეებში და თავზე ჩამოფარებულ ქუდში გამოწყობილი ჯასტინ ტიმბერლეიკი სცენაზე თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 45 წუთით დაგვიანებით ავიდა. შოუ სიმღერით „Mirrors“ გაიხსნა და გულშემატკივრებმა ენთუზიაზმით დაიწყეს სიმღერა და ცეკვა.

თუმცა, კონცერტი დაგეგმილზე დაახლოებით ნახევარი საათით ნაკლებს გაგრძელდა და მომღერალმა დაანონსებული პროგრამის მხოლოდ ნახევარი შეასრულა, რადგან სციოდა. ბევრმა მაყურებელმა აღნიშნა არტისტის შესრულებაში ენერგიის ნაკლებობა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ცოცხალი ვოკალი ხალხის ხმაურში იფარებოდა, რამაც სოციალურ მედიაში კრიტიკა გამოიწვია:

მე ნამდვილად არ ვარ ერთადერთი, ვინც რუმინეთში ჯასტინ ტიმბერლეიკის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მისი ცოცხალი შესრულების ნახვა მოინდომა. შესაძლოა, ჩემი მოლოდინები ძალიან მაღალი იყო, მას შემდეგ, რაც ვნახე, რას აკეთებს ეს კაცი მის კონცერტებზე და შეხედეთ, როგორ გადაიქცა ეს ენთუზიაზმი იმედგაცრუებად.“

ეს იყო შოუ ენერგიის გარეშე, აუდიტორიასთან კავშირის გარეშე, ათასობით გულშემატკივრის პატივისცემის გარეშე, რომლებიც მის სახელს ტაშს უკრავდნენ, სანამ მის ხმას გაიგონებდნენ.

„საქმე მხოლოდ მუსიკაში არ არის. საქმე პატივისცემაშია მათ მიმართ, ვინც შენთვის მოვიდა, ვინც შენთვის წვიმაში დასველდა, ვინც ამ მომენტზე ოცნებობდა“, - დაწერა მომღერლის ფანმა, ჯორჯ ბალტამ, ფეისბუქზე.


რუმინული click-ი აღნიშნავს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის ფანების ერთი ნაწილი კონცერტით კმაყოფილი დარჩა.

„იმედი მაქვს, რომ რუმინეთში კიდევ გნახავთ“; „ყველა ტექსტი ვიცოდი და გულით ვიმღერე! მადლობა ამ გამოცდილებისთვის! იმედი მაქვს, რომ სცენაზე კიდევ გნახავთ“, - დაწერეს ჯასტინ ტიმბერლეიკის გამოსვლით კმაყოფილმა მისმა ფანებმა.