ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელი ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზების“ ამოქმედებას დათანხმდა, რათა დაუშვას ბავშვების ვაქცინაცია პოლიომიელიტის წინააღმდეგ.
„კამპანია, რომელიც 1-ელ სექტემბერს დაიწყება, მიზნად ისახავს ღაზას სექტორში მცხოვრები 640,000-მდე ბავშვის ვაქცინაციას. კამპანია სამ ცალკეულ ეტაპს მოიცავს - სექტორის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს. თითოეული ეტაპზე, ბრძოლა ზედიზედ სამი დღის განმავლობაში შეჩერდება, ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან 15:00 საათამდე,“ - თქვა ჯანმოს მაღალჩინოსანმა რიკ პეპერკორნმა.
შეთანხმების დადებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაეროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღაზაში, 25 წლის განმავლობაში, პოლიომიელიტის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, 10 თვის ბავშვი ნაწილობრივ პარალიზდა.
პოლიომიელიტის მე-2 ტიპის ორალური ვაქცინის (nOPV2) 1,26 მილიონამდე დოზა უკვე ღაზაშია, 400,000 დამატებითი დოზა კი - კონფლიქტურ ზონას მალე მიეწოდება. აცრებს გაეროს თანამშრომლები და ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკები განახორციელებენ. ჯანმო მიზნად ისახავს მთელი სექტორის 90%-ის ვაქცინაციას, რაც საჭიროა ღაზაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.