ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა კატარის ემირს, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანის განუცხადა, რომ კატარის ამერიკულ ავიაბაზაზე თავდასხმა იყო პასუხი აშშ-ის თავდასხმაზე.

ირანის პრეზიდენტმა მეზობელი ქვეყნის ლიდერს უთხრა, რომ ისლამურ რესპუბლიკას არ აქვს მტრული დამოკიდებულება მეზობლების, განსაკუთრებით კი მოძმე ერის, კატარის მიმართ.

ფეზეშქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარტყმა განხორციელდა მხოლოდ ირანის სუვერენიტეტის დასაცავად, აშშ-ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ და არ უნდა იქნას არასწორად განმარტებული, როგორც რეგიონული მეგობრებისთვის საფრთხე.

ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი დიდად აფასებს დოჰასთან კავშირებს და აღიარებს კატარის მრავალწლიან მხარდაჭერასა და ძმურ პოზიციას, განსაკუთრებით კრიზისის მომენტებში.

პარალელურად, კატარის მედია წერს, რომ ქვეყნის ემირმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მიერ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა დაგმო და ეს კატარის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის, ასევე საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევად მიიჩნია.

კატარის ემირმა ასევე განაცხადა, რომ ეს დარღვევა სრულიად ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის პრინციპებს და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კატარი ყოველთვის მხარს უჭერდა ირანთან დიალოგს და ამ მხრივ მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას ახორციელებდა.

ემირმა ხაზი გაუსვა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეჩერების და მოლაპარაკებების მაგიდასთან და დიალოგზე სერიოზულად დაბრუნების აუცილებლობას, რათა გადაილახოს ეს კრიზისი და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის უსაფრთხოება და მისი მოსახლეობის უსაფრთხოება.

თარგმანი: პირველი არხი