ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ხარჯების შესახებ კანონპროექტით, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს მხარს.

 ეს განცხადება ილონ მასკმა CBS-ის გადაცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

კანონპროექტი მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს და გარკვეულ სფეროებში ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტი, რომელსაც დონალდ ტრამპი „დიდ, მშვენიერ კანონპროექტს“  უწოდებს, ჯერ კიდევ სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ილონ მასკის შეფასებით, ეს კანონპროექტი ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას, რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს.

„მე იმედგაცრუებული ვიყავი მასშტაბური ხარჯების კანონპროექტით, რომელიც შემცირების ნაცვლად, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანებოს დეპარტამენტის გუნდის მუშაობას“, – თქვა ილონ მასკმა ინტერვიუში.

კანონპროექტი გადასახადების შემცირებას, საზღვრის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას და სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს. კონგრესის ინფორმაციით, კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, 2034 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტს 3,8 ტრილიონი დოლარით გაზრდის.

„ვფიქრობ, კანონპროექტი შეიძლება, იყოს დიდი ან ის შეიძლება, იყოს ლამაზი. თუმცა, არ ვიცი, რომ ის შეიძლება, იყოს ორივე. ეს ჩემი პირადი აზრია“, – თქვა მასკმა.

აპრილში ილონ მასკმა განაცხადა, რომ მაისიდან მნიშვნელოვნად შეამცირებდა დროს, რომელსაც სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვაზე ხარჯავს. დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ უწყებამ სამთავრობო ხარჯები 175 მილიარდი დოლარით შეკვეცა.

თარგმანი: პირველი არხი