NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილმა და ბოლო პერიოდში უკრაინაში, ფრონტზე რუსეთის წინ წაწევის მცდელობებმა ხელი უნდა შეუწყოს NATO-სა და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ უკრაინისთვის დახმარების დაუყოვნებლივ გაწევა აუცილებელია. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"რამდენიმეთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ უკრაინის ჯარების გაყვანა ქალაქ ავდეევკიდან სამხედრო დახმარების აუცილებლობას აჩვენებს, რათა იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს არ ექნება შემდგომი წარმატება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება ნავალნის სიკვდილს, ალიანსის გენმდივნის თქმით, "აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ავტორიტარული მმართველობა არ უნდა დარჩეს უკონტროლო".
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალექსეი ნავალნისთვის პატივის მიგების საუკეთესო საშუალებაა, ბრძოლის ველზე არა პრეზიდენტ პუტინის, არამედ უკრაინის გამარჯვება უზრუნველვყოთ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.