NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თავისი განცხადებებით ზიანს აყენებს ალიანსის უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოს ყველა ქვეყანა საერთო თავდაცვის პრინციპის მიმართ ერთგულია. ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
"NATO-ს იდეა და აქცენტი არის ომის თავიდან აცილება... ნებისმიერი განცხადება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას." - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
დონალდ ტრამპის ბოლო სკანდალური განცხადებების კომენტირებისას, რომელშიც ის ეჭვქვეშ აყენებს თავის განზრახვას დაიცვას სხვა მოკავშირეები რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ "NATO 75 წლის განმავლობაში ახერხებდა ალიანსზე თავდასხმის აღკვეთას" და ახლა NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა ხაზს უსვამს ერთობლივი თავდაცვის პრინციპის ხელშეუხებლობას.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის მთავარი ძალა არის შეკავების პრინციპი, რომელიც ემყარება იმ ფაქტს, რომ NATO ერთობლივ პასუხს გასცემს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში. ამ პრინციპის უარყოფა კი ანადგურებს ალიანსის ძლიერებას.
"ჩემი სიგნალი (ტრამპისთვის) არის ის, რომ არ არის საჭირო ჩვენი შეკავების სისტემისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები." - აღნიშნა სტოლტენბერგმა.