25 ივნისს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართულ NATO-ს სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა საერთო დეკლარაცია მიიღეს.

"ჩვენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, შევიკრიბეთ ჰააგაში, რათა კვლავ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება NATO-სადმი, ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსისა და ტრანსატლანტიკური კავშირისადმი.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას კოლექტიური თავდაცვის მიმართ, როგორც ეს  ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლშია გაწერილი, რომ ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას მთელ ალიანსზე.

ჩვენ ვრჩებით ერთიანი და მტკიცე ჩვენს გადაწყვეტილებაში დავიცვათ ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქე, ალიანსი, ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია.

გაერთიანებულნი ღრმა უსაფრთხოების საფრთხეებისა და გამოწვევებთან პირისპირ, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებული გრძელვადიანი საფრთხისა და ტერორიზმის მუდმივი საშიშროების ფონზე, მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, რომ 2035 წლისთვის თავდაცვის ძირითადი საჭიროებებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის წლიურად მშპ-ის 5%-ს გამოყოფენ, რათა უზრუნველყონ ინდივიდუალური და კოლექტიური ვალდებულებების შესრულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად.

ჩვენი ინვესტიციები უზრუნველყოფს გვქონდეს ის ძალები, შესაძლებლობები, რესურსები, ინფრასტრუქტურა, საბრძოლო მზადყოფნა და მდგრადობა, რაც საჭირო იქნება ჩვენი სამი ძირითადი ამოცანის შესასრულებლად, შეკავებისა და თავდაცვისთვის, კრიზისის პრევენციისა და მართვისთვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოებისთვის.

მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ეს 5%-იანი ვალდებულება შედგება თავდაცვის ინვესტიციის ორი ძირითადი კატეგორიისგან. მოკავშირეები 2035 წლისთვის წლიურად გამოყოფენ მშპ-ის არანაკლებ 3.5%-ს NATO-ს თავდაცვის ხარჯების შეთანხმებული განმარტების საფუძველზე, რათა დაფინანსდეს თავდაცვის ძირითადი საჭიროებები და შესრულდეს NATO-ს შესაძლებლობების სამიზნე მაჩვენებლები.

მოკავშირეები თანხმდებიან წარადგინონ წლიური გეგმები, რომლებიც ასახავს ამ მიზნის მისაღწევად გონივრულ და ეტაპობრივ გზას. მოკავშირეები მხედველობაში მიიღებენ მშპ-ის წლიურ 1.5%-მდე ხარჯს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიმართული იქნება ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ქსელების თავდაცვაზე, სამოქალაქო მზადყოფნისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, ინოვაციის ხელშეწყობასა და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაზე.

ამ გეგმის ფარგლებში ხარჯვის ტრაექტორია და ბალანსი გადაიხედება 2029 წელს, სტრატეგიული გარემოსა და განახლებული შესაძლებლობების სამიზნე მაჩვენებლების გათვალისწინებით.

მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე სუვერენულ ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია და ამ მიზნით მოკავშირეთა თავდაცვით ხარჯებში გაითვალისწინებენ უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის გაწეულ პირდაპირ წვლილს.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას, სწრაფად გავაფართოოთ ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული თანამშრომლობა და გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციის სულისკვეთება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროსში ვაჭრობაზე არსებული ბარიერების მოსახსნელად და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს პარტნიორობას თავდაცვის ინდუსტრიული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

გამოვხატავთ მადლიერებას ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოჩენილი გულუხვი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდეგ შეხვედრას თურქეთში 2026 წელს, რომელსაც ალბანეთში გამართული შეხვედრა მოჰყვება". - ნათქვამია დეკლარაციაში.