გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის ვადის გაგრძელების მომხრეა.
"თუ ალიანსი ვერ მიაღწევს კონსენსუსს ამჟამინდელი გენერალური მდივნის მემკვიდრის კანდიდატურაზე, მაშინ მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მისი ვადის გაგრძელებას, მით უმეტეს, რომ ვაფასებ მასთან თანამშრომლობას", - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა NATO-ს შტაბ-ბინაში ჩასვლისას.
პისტორიუსი გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნის პირველი მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელმაც სტოლტენბერგისთვის ვადის გაგრძელების სასარგებლოდ ღიად ისაუბრა. ევროპელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 11-12 ივლისს, ალიანსის ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, სავარაუდოდ, სტოლტენბერგს, 2024 წლის ზაფხულის საიუბილეო სამიტამდე, NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე დარჩენას სთხოვენ.
მანამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: "რაც შეეხება ჩემს მემკვიდრეს, ეს საკითხი გაერთიანების 31-მა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს". უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-ს ქვეყნებმა სტოლტენბერგს, NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე დარჩენა სთხოვეს, თუმცა, ის, მუშაობის დაწყებას ნორვეგიის ცენტრალურ ბანკში გეგმავდა.
NATO-ს ქვეყნებმა, 64 წლის იენს სტოლტენბერგის მემკვიდრის კანდიდატურაზე კონსენსუსს ჯერ ვერ მიაღწიეს. ბოლო დროს, შესაძლო ვარიანტად დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა მისი კანდიდატურა, დიპლომატების თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში მხარდაჭერას ვერ პოულობს.