NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ფინეთი ალიანსს ოფიციალურად 4 აპრილს შეუერთდება. ამის შესახებ მან განაცხადა ბრიუსელში, ბრიფინგზე, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, რომელიც ხვალ, 4 აპრილს იმართება.
"ხვალ ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც NATO-ს 31-ე წევრს, რაც ფინეთს გახდის უფრო უსაფრთხოს, ჩვენს ალიანსს კი - ძლიერს. ჩვენ აქ, NATO-ს შტაბ-ბინაში პირველად აღვმართავთ ფინეთის დროშას“, - განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ხვალ ფინეთი, როგორც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი,მონაწილეობას მიიღებს ალიანსის ყველა შეხვედრაში.
ფინეთის გაწევრიანების დასრულება ჯერ კიდევ მოითხოვს, რომ თურქეთმა გადასცეს გაწევრიანების შესახებ რატიფიცირებული პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში, რის შემდეგაც NATO-მ ფინეთი უნდა მიიწვიოს, ფინეთმა კი თავის მხრივ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს შეერთების შესახებ და გადასცეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
თუმცა ყველა ეს პროცედურა ბრიუსელში იგეგმება, რათა ფინელ და თურქ ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში გამგზავრება არ დასჭირდეთ.
აღსანიშნავია, რომ 4 აპრილს NATO-ს დაარსების წლისთავია. ამ დღეს, 1949 წელს ვაშინგტონში 12 ქვეყნის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, კანადის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და პორტუგალიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ პაქტს - სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შესახებ.
თურქეთის პარლამენტმა, 31 მარტს ერთხმად დაუჭირა მხარი NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას.