ფილიპინების სამართალდაცავებმა 10 მარტს ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე დააკავა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) მისი დაკავების ორდერი გასცა. ICC ყოფილ პრეზიდენტს მისი ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს.
79 წლის დუტერტე პოლიციამ ჰონკონგიდან მანილას აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ მალევე აიყვანა.
ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სალვადორ პანელომ, დაგმო დუტერტეს დაკავება და მას "უკანონო" უწოდა, რადგან ფილიპინებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC) 2019 წელს დატოვეს. თავის მხრივ, ICC-მ ადრე განაცხადა, რომ მისი იურისდიქცია ფილიპინებზე იმ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით ვრცელდება, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა სანამ ის სასამართლოს წევრი იყო.
დუტერტე პრეზიდენტის თანამდებობას 2016-2022 წლებში იკავებდა. მისი ანტინარკოტიკული კამპანიის შედეგად, მთავრობის მონაცემებით, 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.