გუშინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ვა­შინგტო­ნის Capital One Arena-ზე შეკრებილი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების წინაშე სიტყვის გამოსვლის დროს ილონ მასკის მიერ ნაჩვენები ჟესტის გამო მითქმა-მოთქმა ამ დრომდე არ წყდება.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ერთობ დადებით ემოციებით დამუხტული ილონ მასკი ხელების ქნევით ავარდა სცენაზე, 4 ნოემბრის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას "არაჩვეულებრივი გამარჯვება" უწოდა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი გამარჯვება. კაცობრიობის ცივილიზაციის გზაგასაყართან ვიყავით, გამარჯვებას ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გმადლობთ, რომ ეს გამარჯვება უზრუნველყავით, - მიმართა მასკმა მხარდამჭერებს, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი მტევანი გაშლილი თითებით მიირტყა მკერდზე, ოდნავ მოტრიალდა, ხელი მკერდიდან აიღო და და ხელისგულით ქვემოთ წინ და ზემოთ მიმართა და შეკრებილებს ამგვარად მიესალმა, დარბაზისკენ ზურგით შეტრიალდა, ზუსტად იგივე შეერთებული შტატების დროშისკენ სახით მყოფმა გაიმეორა და ბოლოს, მარჯვენა ხელი, გაშლილი მტევნით ისევ მიირტყა მკერდზე და თქვა: „ჩემი გული თქვენთანაა“.


მასკის ქმედებებმა მაშინვე მიიპყრო ინტერნეტის მომხმარებლების ყურადღება, სოციალური მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა იგი ადოლფ ჰიტლერთან დაკავშირებული სამარცხვინო „Sieg Heil" მისალმების გამოყენებაში დაადანაშაულა.

სოციალური მედიის მომხმარებლებს არც პოლიტიკოსები ჩამორჩნენ. დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ-იორკიდან ჯეროლდ ნადლერმა ილონ მასკი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც საპრეზიდენტო ზეიმზე „ჰაილ ჰიტლერის“ მაგვარ ჟესტს ვიხილავდით. ამ ამაზრზენ ჟესტს ადგილი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელი ფურცლებიდანაა. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, გაერთიანდნენ და დაგმონ ის, რასაც სიძულვილის ეს ჟესტი გამოხატავს, დაგმონ ანტისემიტიზმი, - დაწერა მან X-ზე.

მრავალრიცხოვან კრიტიკოსების პასუხად მასკმა X-ზე მოკლე ტვიტი გამოაქვეყნა:

„გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ უფრო ბინძური ხრიკები სჭირდებათ.
„ყველა ჰიტლერია" ტიპის შარის მოდებები დამღლელია“.


მასკის ეს პასუხი ამყარებს მათ აზრს, ვინც Capital One Arena-ზე ნაჩვენები ჟესტი „ჰაილ ჰიტლერთან“ კი არა, არამედ ერთ დროს ამერიკაში ერთობ პოპულარული Bellamy salute-სთან გააიგივა. მათ მოსაზრება, მასკის ტვიტამდე ის ფაქტი ამყარებდა, რომ მასკმა ჟესტი დროშისკენ მზერამიმართულმა შეასრულა, შემდეგ, მესამედ კი, ჟესტი იმ სახით გაიმეორა, რა სახითაც დღეს დაიკვირვება შეერთებულ შტატებში დროშისადმი „ერთგულების ფიცის“ წარმოთქმისას, მაგალითად, მოსწავლეების მიერ სასკოლო დღეების დაწყებისას, ემიგრანტების ნატურალიზაციის ცერემონიების დროს და ა.შ.