ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადადო. გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღეს.
მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო.
სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელსაც სისტემა(ETIAS) დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. მომსახურების გადასახადი 7 ევროთი განისაზღვრა.
„სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში“ (ETIAS) რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება, განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა.
ევროკომისიის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესასვლელად შვიდი ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.