საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი გმობს აშშ-ს მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას. ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს.
"ეს ზომები წარმოადგენს დაშინებას და იძულებას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ციფრული სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას. ევროკავშირის ციფრული რეგულაციები ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ იქნა მიღებული დემოკრატიული, სუვერენული პროცესის ფარგლებში. ისინი ევროპაში გამოიყენება პლატფორმებს შორის სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, მესამე ქვეყნების მიერ მიზანმიმართულად გამოყენების გარეშე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის, რაც უკანონოა რეალობაში, ასევე უკანონო იყოს ონლაინ რეჟიმში". - წერს მაკრონი.
ამასთან, მაკრონის თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებული ციფრული რეგულაციები არ განსაზღვრავს ევროპის ფარგლებს გარეთ რეგულაციას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთ ადამიანს, მათ შორის, ყოფილ ევროკომისარს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.
"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გადამწყვეტ ზომებს იღებს ხუთი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ორგანიზებულ ძალისხმევას, აიძულონ ამერიკულ ონლაინ პლატფორმებს, საწინააღმდეგო შეხედულებების ცენზურა, დემონეტიზაცია და ჩახშობა". - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი განცხადებაში.







