ასეთი განცხადება, polskieradio24-ის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა მთავრობისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადებისას, სეიმის დეპუტატების ძირითადად მიგრაციასთან და სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფოკუსირებულ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს.
დონალდ ტუსკის თქმით, მთავრობა ზედმიწევნით ზუსტად ცდილობს დაითვალოს ის ნეგატიური შედეგები, რაც მოჰყვება გერმანიასთან საზღვრის ნაწილობრივ ან სრული ბლოკირებას.
მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით რომ გვემოქმედა, ვიტყოდით: „ჩვენ ვბლოკავთ საზღვრებს, მორჩა, არაა პრობლემა“, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს ეს სასაზღვრო ზონაში მცხოვრები პოლონელებისთვის, - თქვა მან.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ის უყოყმანოდ მიიღებს გადაწყვეტილებას გერმანიასთან საზღვარზე დროებითი კონტროლის შემოღების შესახებაც.
„ძალიან სავარაუდოა, რომ ამ ზაფხულს გერმანიასთან საზღვარზე ასეთ ნაწილობრივ კონტროლს შემოვიღებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პოლონეთის მთავრობის მიგრაციულ პოლიტიკაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შემზღუდავი წესების შემოღების შემდეგ წარდგენილი თავშესაფრის განაცხადების რაოდენობა ოცდაათჯერ შემცირდა და უცხოელების დეპორტაცია თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება.
მან ასევე დასძინა, რომ ოთხშაბათს დაიწყო საინფორმაციო კამპანია პოტენციური მიგრანტების დასაბრუნებლად ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებში - ავღანეთში, ეთიოპიაში, ერიტრეაში, სომალიში, ერაყში, პაკისტანში და ეგვიპტეში.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე პოლონეთი ქმნის საჭირო უმრავლესობას საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მესამედი ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ ჩვენი ღირებულებების გაზიარება და მე არ მინდა მათ ვაწყენინო, ცხადია, მომხრე ვარ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტებს, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.